დღეიდან, 31 მარტიდან განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, Feedc Edu- ს სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი არ სჭირდება.

მათივე ინფორმაციით, მასზე შესაძლებელია: დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პლატფორმის გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

"იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu-ზე არსებული "ჩათის" მეშვეობით ონლაინრეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი Feedc Edu, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე — [email protected], ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტბსა და პროფესიულ სასწავლებლებში 21 აპრილამდე შეჩერდა.