Game of Thrones-ის ვარსკვლავმა, ემილია კლარკმა თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით ყველას სთხოვა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია SameYou-ს თანხა გადაურიცხოს.

ეს ორგანიზაცია თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში. ამჯერად კი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ კორონავირუსთან ბრძოლაში წვლილი შეიტანონ, თავიანთ პაციენტებს სახლში უმკურნალონ და მეტი საწოლი გამოათავისუფლონ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებისათვის.

ბრიტანელ მსახიობს უნდა, რომ სწორედ ამ წამოწყებაში დაეხმაროს ყველა და ბოლოს 12 შემთხვევით შერჩეულ დონორთან ერთად ონლაინ ისადილებს.

"ჩვენ ერთად მოვამზადებთ და შემდეგ მივირთმევთ ამ კერძებს. თან უამრავ რამეზე ვისაუბრებთ: იზოლაცია, შიში და ასევე სასაცილო ვიდეოებზეც კი. და ის ფაქტი, რომ მზარეულობა საერთოდ არ მეხერხება, კარგად გაგვართობს", — ამბობს მსახიობი ვიდეოში.

თორმეტი იღბლიანი ადამიანი დრაკონების დედასთან ერთად ისადილებს. მართალია, ონლაინ, მაგრამ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი: დეინერის ტარგარიენსაც კი არ ავიწყდება უსაფრთხოების წესები და თვითიზოლაციას არ არღვევს.