საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე პროცესი შეაჩეროს. ორგანიზაცია, ასევე, აცხადებს, რომ პროცესისი განახლების შემდეგ კენჭისყრამდე გონივრული ვადით ადრე წარმოუდგინოს საზოგადოებას ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება მმართველი გუნდისა და "კლანის" მიერ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი გავლენის კიდევ უფრო განვრცობას ემსახურება.

"იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას, როცა პანდემიის გავრცელებისგან შეჩერების მიზნით სასამართლო სხდომებიც კი ელექტრონულად მიმდინარეობს, პლენუმის სხდომის ჩანიშვნა, გაუგებარია. ამგვარ სიტუაციაში ასევე შეუძლებელია საკითხის გარშემო ჯეროვანი დისკუსიის გამართვა", — აღნიშნავს ორგანიზაცია.

სია წერს, რომ სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებს საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ამ პირობებში დანიშვნა წარმოშობს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, მათგან სამს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს. კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გადაწყვეტილების მიღებად კი დამსწრეთა 2/3-ია საჭირო.

30 მარტს ცნობილი გახდა, რომ 31 მარტს 15:00 საათზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართება. სხდომაზე ერთადერთი განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა იქნება.