კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს და 700 მლნ–მდე ევროს დახმარებას გადაამისამართებს. საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. იგი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობასა და ტრენინგებზე წვდომას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, ბიზნესის აღდგენის ხელშეწყობას. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა.

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით: "ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად. დღევანდელი დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და ექვსი ქვეყნის ეკონომიკების საყრდენის, მცირე და საშუალო საწარმოების, უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე."

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა: "ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას. დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება. დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონალურ საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები; ევროკავშირი საქართველოს ექსპერტული ცოდნითაც დაეხმარება. ასევე მივმართავთ თანხებს იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაუცველ ჯგუფებს კრიზისის დასაძლევად დამატებითი გზების მონახვაში დაეხმარონ. მომდევნო თვეებში ევროკავშირი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს კრიზისის შემდეგ მათი კომპანიების სტიმულირებისა და აღდგენის მიზნით გრანტებზე და კრედიტებზე ლარში წვდომა გაუმარტივოს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვგეგმავთ 20 მილიონი ევროს მოცულობის დამატებითი ადგილობრივი მიზნობრივი საგრანტო პროგრამის დაწყებას. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ ზომების საშუალებით ხელშესახებ წვლილს შევიტანთ იმ მიმდინარე თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ეწევა."

დახმარების პაკეტი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხმარება: ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გამოუყოფს 30 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, ნიღბები, დამცავი სათვლეები, ხალათები და დამცავი ეკიპირება. უახლოეს კვირებში ჯანმო-ს მიერ ჩატარებული ქვეყნების საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება ქვეყნების მიხედვით თანხების ზუსტი განაწილების თაობაზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება დახმარება სამედიცინო და ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად.

ჩვენ ასევე მცირე ზომის დახმარებასაც გავცემთ. ევროკავშირისა და გერმანიისგან მიერ აღჭურვილობის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ უკვე შეძლო 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოება.

სამოქალაქო პარტნიორებთან ერთად დახმარება კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს: ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების სახით 11.3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ეს თანხები გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე გამოიყენება რეგიონული ”სწრაფი რეაგირების მექანიზმის” მეშვეობით, მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლებისთვის.

ზაფხულისთვის, ევროკომისია დაიწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და განსაკუთრებით, მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებისთვის ქვეგრანტების გაცემის საშუალებით.

გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკვე შეუძლიათ განაცხადების შემოტანა ევროკავშირის 4 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამიდან გრანტების მისაღებად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, სოციალური სერვისები და ადამიანის უფლებები.

დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური დარტყმის შერბილებას

საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საშუალებით: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს ევროპის კოორდინირებული რეაგირება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის:

  • მინიმუმ 70 მილიონი ევრო გრანტების სახით, რომ ქართულ ბიზნესს და თვითდასაქმებულებს გაუადვილდეს ადგილობრივი ვალუტის საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე წვდომა, კრიზისის შემდეგ თავიანთი ბიზნესის სტიმულირებისა და აღდგენის ხელშესაწყობად. თანხების მოწოდება მოხდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობით, და ეს ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის განმავლობაში;
  • 20 მილიონამდე ევროს მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ბიზნესის, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად, იმისთვის, რომ მათ შეიძინონ უნარები და განავითარონ ბიზნესები ან კრიზისიდან გამოვიდნენ. პროგრამა 2020 წელს დაიწყება.
  • მიკრო დონეზე, ევროკავშირის პროექტები ამჟამად იურიდიულ კონსულტაციას აწარმოებენ მცირე ბიზნესებისთვის, რომელიც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • გარდა ამისა, ევროკავშირმა მიმდინარე პროცესში ჩართო მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD), რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბრუნი კაპიტალი, სავაჭრო დაფინანსება, ან მორატორიუმი სესხის დაფარვასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით.

ევროკავშირი საქართველოს ასევე უწევს მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც თანხები ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული ქმედებები განხორციელდება.

ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად.

  • COVID-19 მითების და დეზინფორმაციის კიდევ ერთი ტალღა აგორდა. გაიგეთ მეტი კოროვირუსის შესახებ დეზინფორმაციის ანგარიშიდან.
  • ევროკომისიის მიერ COVID-19 –ის გავრცელებაზე კოორდინირებული საერთო ევროპული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ აქ.
  • სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე