ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბამ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და პასუხს ელოდება. მისი თქმით, სანამ პასუხს არ გაიგებდა, მან წირვა არ ჩაატარა.

"დღეს წირვა უნდა ჩამეტარებინა და თავი შევიკავე მსახურების ჩატარებისგან. დღეს სამ საათზე გავიკეთე ჩქარი ტესტი, რომ 2 დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი", — განაცხადა მეუფე საბამ.

ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მისი თქმით, ეპარქია ითვალისწინებს სახელმწიფოს რეგულაციებს, რათა კორონავირუსი უფრო მეტად არ გავრცელდეს.

მეუფე საბა ადასტურებს, რომ მის ეპარქიაში მოღვაწე ქართველ დეკანოზს კორონავირუსი აღმოაჩნდა.