რუსეთის ხელისუფლებას დონალდ ტრამპის პოლიტიკურ გუნდთან კომუნიკაცია აშშ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჰქონდა. აღნიშნულს ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. ინფორმაციას Reuters Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"იყო კონტაქტები. ჩვენ ვაკეთებთ ამას და ვაკეთებდით ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც", - ამბობს რიაბკოვი.

მისი განცხადებით, ასეთი სახის კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მომავალშიც გაგრძელდება და აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობას კონტაქტი ტრამპის მოკავშირეებთან ჰქონდა, თუმცა, სახელები არ უთქვამს:

"მის გარემოცვაში მყოფ პირთაგან უმეტესობას ვიცნობთ. ეს ადამიანები აშშ-ში ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყვნენ და მათ მაღალი თანამდებობები ეჭირათ".

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ტრამპის პრესსპიკერს ჯერ არ გაუკეთებია.