ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ამ დროისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა. უცხოურ მედიაში, სავარაუდოდ, საარჩევნო სიის ინტერნეტში გაჟონვას ცესკო კიდევ ერთი, ვრცელი განცხადებით ეხმაურება. მათი თქმით, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს.

"ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან", — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ამბობენ, რომ საქმე, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

სიის გავრცელების შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საკითხს "დეტალურად სწავლობენ". შსს-ში ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები.

საქმე ეხება გამოცემა ZDNet-ის ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა.

სტატიაში საუბარია ამომრჩეველთა ინფორმაციაზე, კერძოდ, გავრცელებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. მათი თქმით, ინტერნეტში ჯამში 1,04 GB მოცულობის ინფორმაციამ გაჟონა.

ფაილი სულ 4 934 863 პირის მონაცემს მოიცავს, რადგან მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. ბოლო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3,7 მილიონს შეადგენს. მათ შორის, არიან არასრულწლოვნები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.