დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ თუ საკმარისი არაა რასაც ეკლესია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აკეთებს, მაშინ სახელმწიფომ უნდა უკარნახოთ, როგორ მოიქცნენ.

მისი თქმით, მის ეპარქიაში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სახელმწიფოს რეკომენდაციები დაიცვან.

"ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ იმ სტანდარტებს, რასაც სახელმწიფო გვიდგენს. როგორც მოვისმინე, უფრო რთულ პერიოდში გადავდივართ და გართულებებს უნდა ველოდოთ. თუ რთულდება სიტუაცია ესეც უნდა გვითხრას სახელმწიფომ. მაგალითად, გუშინ რომ ჩავატარეთ წირვა ტაძარშიც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები იდგნენ დისტანციითა და ეზოშიც ისე იყვნენ განლაგებულები. თუ ეს არ ყოფნის უკვე სიტუაციას, ეს სახელმწიფომ უნდა გვითხრას, რომ უფრო რთული სიტუაციაა და რაღაც იმოქმედეთ. ჩვენ გვაქვს დასკვნა, რომ ჯერ რასაც ვაკეთებთ, ეს საკმარისია. თუ არ არის საკმარისი, სახელმწიფომ უნდა გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ", — განაცხადა მეუფე მელქისედეკმა tv პირველის ეთერში.

ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს. საპატრიარქოს 25 მარტის განცხადების მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში უნდა დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.

საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"

ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: