ჯერ კიდევ 1978 წელს მსოფლიოში აღიარებულმა საშინელებათა ჟანრის მწერალმა, სტივენ კინგმა გამოაქვეყნა წიგნი The Stand, რომელიც პანდემიის შესახებ მოგვითხრობს: გრიპის ვირუსი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას გაანადგურებს.

ამ ცნობილ მწერალს კი ახლა დაჯერება უჭირს, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს სახელმწიფო მეთაურები მოუმზადებლები შეხვდნენ და უსაფრთხოების ზომების მიღება დააგვიანეს.

"ბოლო სამი-ოთხი კვირა ადამიანები მეუბნებიან: "სტივენ კინგის სამყაროში ვცხოვრობთ". მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვნატრობ, ასე არ იყოს", — განუცხადა ამერიკელმა მწერალმა CNN-ს.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პასუხისმგებლობის მქონე პირები ამ კრიზისს გაცილებით მომზადებული უნდა დახვედროდნენ, ვიდრე ეს რეალურად გააკეთეს:

"ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და მსგავსი რამ აუცილებლად მოხდებოდა. The Stand პანდემიის შესახებ დავწერე, რომელიც კაცობრიობის უმეტესობას დახოცავს და მადლობა ღმერთს, ახლანდელი შემთხვევა იგივე არ არის, მაგრამ მე ამის შესახებ 1978 წელს დავწერე და მას შემდეგ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, უბრალოდ დრო სჭირდებოდა".

სტივენ კინგი განსაკუთრებულად იმედგაცრუებული აშშ-ს მთავრობის მოქმედებითაა:

"ფაქტი, რომ ამას ყველა მოუმზადებელი შეხვდა, მაკვირვებს. ამის გაგება თითქმის შეუძლებელია. ტრამპი თავიდან ამბობდა, რომ "ნუ იღელვებთ, სერიოზული არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება". შემდეგ კი, როცა საფონდო ბირჟამ სიკვდილი დაიწყო და ამ ყველაფერმა მთელი ქვეყანა დააზარალა, სხვანაირად დაიწყო საუბარი: "ჯობია, დავმშვიდდეთ. სასწაული მოხდება, სააღდგომოდ ყველაფერი კარგად იქნება და ეკლესიები კვლავ ხალხით აივსება". რამდენიმე დღის შემდეგ კი კარანტინზე საუბარი ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ წარმოდგენა მის გარდა არავის ჰქონდა, უბრალოდ მას მოაფიქრდა ასე", — ამბობს მწერალი, რომლის წიგნებიც მთელ მსოფლიოში 350-მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.