ცესკოში აცხადებენ, რომ სია რომელიც, სავარაუდოდ, ჰაკერულად გავრცელდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზა არ არის. ცესკოს პრესსპიკერი, ანი მიქელაძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ გავრცელებული ბაზის არც რაოდენობა და არც სხვა რეკვიზიტები არ ემთხვევა ცესკოს მონაცემებს. მისივე თქმით, განსხვავებულია ფორმატიც.

"სტატიაში საუბარია 4,9 მილიონ ამომრჩეველზე, ხოლო ჩვენს ბაზაში არის დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია. ჩვენთან არ არის ინფორმაცია გარდაცვლილი პირების შესახებ, არც ამომრჩევლის მამის სახელი, არც პირადობის ნომრები და არც ტელეფონის ნომრებია ჩვენს ბაზაში. ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზა. ესაა რაღაც სხვა ბაზა და ამაზე დამატებით ინფორმაციას მე ვერ გეტყვით", — ამბობს ანი მიქელაძე.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ამბობენ, რომ საქმე, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

სიის გავრცელების შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის საკითხს "დეტალურად სწავლობენ". შსს-ში ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები.

საქმე ეხება გამოცემა ZDNet-ის ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა.

სტატიაში საუბარია ამომრჩეველთა ინფორმაციაზე, კერძოდ, გავრცელებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. მათი თქმით, ინტერნეტში ჯამში 1,04 GB მოცულობის ინფორმაციამ გაჟონა.

ფაილი სულ 4 934 863 პირის მონაცემს მოიცავს, რადგან მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. ბოლო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3,7 მილიონს შეადგენს. მათ შორის, არიან არასრულწლოვნები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.