მაშინ, როცა ინდოეთში კორონავირუსის გავრცელებას საყოველთაო კარანტინით ებრძვიან, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოსახლეობის გაფრთხილებისთვის ორიგინალური ხერხი იპოვა.

ქალაქ ჩენაის ინსპექტორი, რაჯეშ ბაბუ ქუჩაში სპეციალურად დამზადებულ "კორონავირუსის ჩაფხუტს" ატარებს. ჩაფხუტს წითელი ეკლები აქვს მიმაგრებული და COVID-19-ის მიკროსკოპულ გამოსახულებასაა მიმსგავსებული.

"კორონავირუსის ჩაფხუტის" შექმნის იდეა ადგილობრივ არტისტს გაუთემს გაუჩნდა. მისივე თქმით, მოსახლეობა ჰიგიენას არ იცავს და ვირუსსაც არასერიოზულად აღიქვამს, რადგან "მას ვერ ხედავს". ამიტომაც მან გადაწყვიტა, ისეთი რამ შეექმნა, რითაც მოქალაქეები მიხვდებოდნენ, რომ ვირუსი მათაც უახლოვდება. თავისი იდეა გაუთემ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას შესთავაზა:

"ისინი შეუჩერებლად მუშაობენ, ამიტომაც მინდოდა მათთვის დატვირთვა შემემცირებინა და მოსახლეობა უფრო ინფორმირებული ყოფილიყო".

იმის გამო, რომ ყველა მაღაზია დახურულია, ჩაფხუტზე ეკლების გასაკეთებლად არტის გაზეთების გამოყენება მოუწია. დასრულების შემდეგ სპეციალური ჩაფხუტი ინსპექტორ ბაბუს გადასცა, რომელსაც იდეა მოეწონა.

ინსპექტორი მანქანებისა და მოტოციკლების მძღოლებს აჩერებს და უხსნის რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დისტანცია და სახლში დარჩენა,

ფოტო: Reuters

ოფიციალურად ინდოეთში კორონავირუსის 1 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 29 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.

1,3-მილიარდიან მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მთავრობამ 21-დღიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ქვეყანაში დაიკეტა ყველაფერი, მათ შორის რელიგიური ადგილებიც. ხელმისაწვდომია მხოლოდ სამედიცინო მომსახურება და სურსათის მაღაზიები.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: