გერმანელი კარსტენ ჰანსენისა და დანიელი ინგა რასმუსენის ურთიერთობაში კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, პანდემიის მიუხედავად წყვილი ერთმანეთს მაინც ხვდება. შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს ერთმანეთის ნახვა ეკრძალებათ, თუმცა ისინი საზღვართან კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და იცავენ როგორც კანონს, ისე სიფრთხილის ზომებს.

საზღვრის 2-კვირიანი ჩაკეტვის მიუხედავად, ჰანსენი და რასმუსენი ერთმანეთს ყოველდღე ნახულობენ. 89 წლის ჰანსენი ადგილზე ველოსიპედით მიდის, 85 წლის ქალი კი შეხვედრის ადგილზე შეყვარებულს მანქანით აკითხავს.

ინგას ადგილზე ყავით სავსე თერმოსი მიაქვს, კარსტენს კი ცხელი სითხე და ალკოჰოლური სასმელი.

"აქამდე სულ ერთად ვსვამდით, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია", — ამბობს ჰანსენი.

წყვილი დაწესებულ მინიმალურ დისტანციას იცავს და ერთმანეთთან შეხვედრისას გადაკოცნაზე, ჩახუტებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარს ამბობს. ხანდახან ისინი საღამოობით ხვდებიან ერთმანეთს, რასმუსენს თან თავისი გამომცხვარი საჭმელი მიაქვს და მეგობარს უნაწილებს. შეხვედრების დაგეგმვაში ამინდიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფოტო: dpa

წყვილი ერთმანეთს ორი წლის წინ, შემთხვევით შეხვდა და ყველაფერი სწრაფად მოხდა — იმ დროისთვის ორივე დაქვრივებული იყო. მათ საუბარი გააბეს და ჰანსენმა რასმუსენს ყვავილების თაიგული გადასცა, რომელიც სხვისთვის იყო განკუთვნილი. პანდემიამდე ინგა ღამით კარსტენთან რჩებოდა, თუმცა საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ პენსიონერებს იმპროვიზაცია უწევთ.

"ახლანდელი სიტუაცია ცოტა სევდიანია, მაგრამ ჩვენ მისი შეცვლა არ შეგვიძლია", — ამბობს რასმუსენი. თუმცა, სამომავლო გეგმები ოპტიმისტურია — პანდემიის დასრულების შემდეგ, წყვილი ერთად მოგზაურობას გეგმავს.

ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მეგობრობასა და სიყვარულს შორის ზღვარი არ არსებობს, გამოსავლის პოვნა კი ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია.