დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ადამიანები ღვთისმსახურებაზე შეიძლება არ მივიდნენ, რათა საკუთარი თავი და სხვაც დაიცვან.

მისი თქმით, ღვთისმსახურებების მრევლის გარეშე ჩატარების თემა სინოდზე უნდა გადაწყდეს და ამან ყველა უნდა გააერთიანოს და ეკლესიაში გახლეჩა-დაპირსიპირება არ უნდა გამოიწვიოს.

"ეს ის თემა არის, რომელიც ცალკეულად ვერ გადაწყდება. ეს, რა თქმა უნდა, სინოდის მსჯელობის საგანი უნდა იყოს. თუ ეს საკითხი დადგება, ეს ერთნაირად უნდა გადაწყდეს, რომ ამან კიდევ გაყოფა და დაპირისპირება არ გამოიწვიოს. ღვთისმსახურება არ შეწყდება, უბრალოდ, შეიძლება ადამიანებმა მოსვლა ვერ შეძლონ. ამაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. რის გამო შეიძლება ვერ მოვიდეს ადამიანი, იმის გამო რომ უშლიან ღვთისმსახურებას და ლოცვას თუ, იმის გამო, რომ, პირიქით, ღვთის გულისთვის დაიცვას თავის თავი და სხვაც დაიცვას, მიზეზი არ გახდეს", — განუცხადა tv პირველს მეუფე გრიგოლმა.

ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს. საპატრიარქოს 25 მარტის განცხადების მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში უნდა დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"

ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: