დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ისინი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იყვნენ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება მათთან გამოვლენილი ყველა პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი.

"მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მიუთითებს იმაზეც, რომ 12 მარტიდან თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სავარაუდოდ, ეს სწორედ ის შემთხვევებია, რომელთა ნაწილი დღეს, ნაწილი კი გუშინ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ გამოვლინდა ახალი კლასტერი და ამ ჯგუფს სხვებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

კორონავირუსის დადასტურებული მაჩვენებელი არ გაზრდილა არც StopCov.ge-ზე და ამ დრომდე 90-ია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: