დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, კორონავირუსთან ბრძოლაში რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ჩაერთო.

იქ დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებს მოსახლეობას დაეხმარება.

"ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, საკარანტინე ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია", — თქვა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ კლინიკას ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, ხოლო სხვა საჭირო აპარატურით და საწოლებით აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება. საავადმყოფო ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: