დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით "სპეკულირება მიმდინარეობს" ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც "მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ".

ეს განცხადება გიორგი გახარიამ სწრაფი უხარისხო ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ახლა, ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე, საერთოდ, მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი რამ — საქართველო დღეს თუ სხვებთან შედარებით, ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს", — თქვა მან.

საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა კორონავირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის პროდუქციის ხარისხი ესპანეთმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიამ ხარვეზი აღმოაჩინა, გამოაქვეყნა ნოტა და პროდუქცია ყველა ბაზრიდან თავადვე გაიწვია და საქართველოს თანხა არ გადაუხდია. ამასთან, ესპანეთში ჩინეთის ელჩი ამბობს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არ აქვს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: