დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაკისრებული ჯარიმების გადახდა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მოუწევთ.

საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, დროებით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

შსს-ში განმარტავენ, რომ ცვლილება მხოლოდ გადახდის ვადებს შეეხება და დარღვევებისთვის ჯარიმები კვლავ გამოიწერება.

"საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება", — ამბობენ შსს-ში.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქალაქეები ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის არ დაჯარიმდებიან.

შსს აღნიშნავს, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს და მთელი საქართველოს მასშტაბით, ცენტრებში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობა სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებგვერდის -police.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: