პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ არც ამერიკელები არიან ხოლმე ყოველთვის აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანს აკეთ ქართველები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოსთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ:

"აშშ-ში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა ისე, რასაც შესაძლოა, ძალიან ბევრი არ ელოდა, არც აშშ-ში, არც მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი.

მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში, რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველი გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში, საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდეც შეინიშნებოდა პასუხისმგებლობის და ინიციატივების დეფიციტი და ამან მსოფლიოს ბევრ წერტილში საკმაოდ დაძაბა ვითარება.

ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ამ ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს, გაუჩნდეთ განცდა გარკვეული ვაკუუმის, ან იმის განცდა, რომ ახლა არის დრო რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით და ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი. ეს ის თემებია, როცა პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მოწოდებული, რომ ქვეყნის ინტერესები ყველა ფლანგზე დავიცვათ".