მთავრობის გადაწყვეტილებით, აპრილის პენსია წინასწარ ჩაირიცხება. თანხა ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პენსიები განსხვავებული წესით გაიცემა. თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მიერ წინასწარ გამოცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში — აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი myliberty.ge, დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე — 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

საქართველოს მთავრობა მიმართავს პენსიონერებს, რომ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. ნაღდი ფულის მიღების სურვილის შემთხვევაში პენსიონერებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ლიბერთი ბანკმა, საკუთარი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო.