The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, კუბაზე 5 დღიანი მასშტაბური სამხედრო სწავლებები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს, რომ ღონისძიება ტრამპის გაპრეზიდენტებასთან არის კავშირში და განმარტავს, რომ აღნიშნული მტრის შესაძლო ქმედებებისთვის მზადებას უკავშირდება.

ასეთი სწავლებები, რომლებიც ხშირად აშშ-სთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება, კუბაზე უკვე მეშვიდეჯერ ტარდება. პირველი ასეთი სწავლება 1980 წელს, რონალდ რეიგანის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას მოჰყვა.

აღნიშნულის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სწავლებები მოიცავს სამხედრო დაჯგუფებებისა და ტექნიკის გადაადგილებას, საჭიროების შემთხვევაში კი, აფეთქებებსაც.

მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გარკვეულწილად დალაგდა, კუბაზე აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან უამრავი ტურისტი ჩავიდა, რომლებიც კუნძულზე ბიზნესის წამოწყებით იყვნენ დაინტერესებულები.

წინასაარჩევნოდ, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიერ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და ორ მხარეს შორის ნორმალიზებულ ურთიერთობას გააუქმებდა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი რაულ კასტრო კუნძულზე უფრო მეტი პოლიტიკურ თავისუფლებას არ დასთანხმდება.

კუბაზე მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების შედეგად, მათი გაუმჯობესებული ცხოვრება, რომელიც ტურისტების ნაკადმა გამოიწვია, ისევ გაუარესდება.