საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე პირველი არხი სამების ტაძრიდან საკვირაო წირვებს პირდაპირ ეთერში გადასცემს. ტრანსლაცია 29 მარტიდან დაიწყება.

კორონავირუსთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით 25 მარტს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"

"საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".

ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.