ცნობილი ინგლისელი რეჟისორი, რიდლი სკოტი მსოფლიოში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის გამო აშშ-სა ლიდერს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

ცოტა ხნის წინ 82 წლის რეჟისორმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ს "ნარინჯისფერთავიანი ტიპი მართავს" და "ის შეურაცხადია, არა?"

მისივე თქმით, მსოფლიოს ლიდერების ნახევარი "იდიოტია", მეორე ნახევარი კი "ტირანი" და "მხოლოდ ძალიან ცოტაა, ვინც რეალურად კარგი პოლიტიკოსია":

"არავის უნდა პოლიტიკაში წასვლა და მართლაც, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ეს არც ენდომება", — ამბობს რიდლი სკოტი.

რიდლი სკოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა, ასევე თვლის, რომ ქვეყნები, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი, კვლავ პროდუქტების ტალონებით გაცემაზე უნდა გადავიდნენ, რადგან "ადამიანები ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობენ, რომლებიც მერე უბრალოდ ლპება".

Alien-ის, Blade Runner-ის, Gladiator-ისა და The Martian-ის რეჟისორი ამჟამად ახალ ფილმზე, The Last Duel-ზე მუშაობს, რომელშიც მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი თამაშობენ. სამწუხაროდ, ფილმის გადაღებები კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეწყდა და რიდლი სკოტი იმედოვნებს, რომ მუშაობის განახლებას ამ წლის ბოლომდე შეძლებს.