უცხოური პრესის ასოციაციამ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების შედეგად კინოინდუსტრიის ჩვეული რიტმის შეფერხების გამო ოქროს გლობუსზე საკონკურსო ფილმების მიღების წესები შეცვალა.

აქამდე უცხოური პრესის ასოციაციის 90 წევრისთვის 15 მარტიდან 30 აპრილამდე ფილმების სპეციალური ჩვენებები ეწყობოდა ან კინოთეატრში მიმდინარეობდა სეანსები. წელს კი ეს საჭირო აღარ არის, უბრალოდ პროდიუსერებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ კინოთეატრში პრემიერა დაგეგმილი და უცხოური პრესის ასოციაციის წევრებს ფილმი ინტერნეტ ლინკით ან DVD დისკის საშუალებით უნდა მიაწოდონ, რათა მათ კინოსურათი სახლში ნახონ და ისე შეაფასონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ამჟამინდელი მდგომარეობის გამო მიღებული დროებითი გადაწყვეტილებაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიხედოს და შეიცვალოს.

"უცხოური პრესის ასოციაცია გააგრძელებს შესაბამისად შეაფასოს ფილმებისა და სერიალების დისტრიბუციაზე კორონავირუსის ეპიდემიით მიყენებული ზიანი და ოქროს გლობუსის წესები არსებულ მდგომარეობას მოარგოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კინოსამყარო ელოდება, თუ როგორ იმოქმედებს ამერიკული კინოაკადემია და შეიტანს თუ არა ცვლილებებს კიდევ ერთი ყველაზე გავლენიანი კინოდაჯილდოების, ოსკარების საკონკურსო პოლიტიკაში ცვლილებებს.

როგორც უკვე ვიცით, კორონავირუსის გავრცელების გამო მთელ მსოფლიოში კინოთეატრები დახურულია, რის გამოც მრავალი ფილმის პრემიერა ვერ შედგა და გაურკვეველი ვადით გადაიდო, არადა ბევრ კინოდაჯილდოებაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ საკონკურსო ფილმის პრემიერა პირველ რიგში აუცილებლად უნდა შედგეს კინოთეატრებში.