თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, პირველი მავნებლობა ისაა, რომ ზუგდიდში, სააკაშვილის ინიციატივით გამართულ "გაუგებარ ღონისძიებაზე" მოქალაქეების საფრთხის ქვეშ დადგნენ, ხოლო მეორე ის, რომ ამას მერიის საქმიანობასთან ადარებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"თქვენ ისეთ რაღაცას მეუბნებით, ჩვენ ყოველდღიურად 20-25 კაცი ვიკრიბებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და რა, უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით, ხომ განსხვავებას რაზეა საუბარი ზოგადად [...] ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაა, რომ ამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში დავეხმაროთ ყველა იმ გაჭირვებულს, ყველა იმ ადამიანს ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა", — თქვა კახი კალაძემ

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს დახურულ სივრცეში თბილისის მერი, წითელ ჯვართან და სხვა ადამიანებთან ერთად როგორ აგროვებს პროდუქტს. კალაძის განმარტებით, ადგილზე შეკრებილ ადამიანებიდან ყველა იყო გადამზადებული, ჰქონდათ აღჭურვილობა და იცავდნენ უსაფრთხოების წესებს.

26 მარტს ზუგდიდში სააკაშვილის ინიციატივით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა, რასაც ხალმხრავლობა მოყვა და კრიტიკა გამოიწვია.

On.ge-ს ნაციონალურ მოძრაობაში განუცხადეს, რომ ზუგდიდში ხალხის შეკრება, პარტიის დაორგანიზებული არ იყო და ის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროგრამაა. სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ორგანიზატორები ამდენ ხალხს არ ელოდნენ და პატრულმა სიტუაცია ვერ გააკონტროლა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალხმრავალი შეკრების გამო აქციის ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს. უწყების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, ზუგდიდში კი 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: