კომპანია Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ტესტი კომპანიის მიერ შექმნილ მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმა Vivalytic-ს იყენებს.აღნიშნული მოწყობილობა ჰოსპიტალებსა და ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების იდენტიფიცირებისთვის უკვე გამოიყენება.

იგი გერმანიაში აპრილში იქნება ხელმისაწვდომი და საერთაშორისო ბაზარზეც გავა.

"ინფიცირებული პაციენტების ამოცნობა და იზოლაცია ბევრად სწრაფად მოხდება", — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ვოლკმარ დენერმა.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია და სამხრეთ კორეა, ტესტირება დაავადების გავრცელებისთანავე დაიწყეს, ამ ქმედებით კი სიკვდილიანობის მაღალი დონე თავიდან აიცილეს. ხოლო იტალიასა და აშშ-ში, სადაც მასობრივი ტესტირება არ მომხდარა, დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.

ძალიან ბევრგან ადამიანებს ტესტის პასუხის ლოდინი რამდენიმე დღეც კი უწევთ. სწორედ ამიტომ სხვადასხვა კომპანიამ სწრაფი ტესტების წარმოება დაიწყო.

Roche-ს ტესტს დღეში 4 000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება შეუძლია.

აღნიშნულმა მოლეკულური დიაგნოსტიკის სწრაფმა ტესტებმა მსოფლიოს გარშემო 470 000 შემთხვევა დაადასტურა. ტესტი ინფექციის შესახებ დიაგნოზს ადამიანის ნიმუშზე ვირუსის ნუკლეინის მჟავის ძებნის შედეგად სვამს.

Bosch-ის სწრაფი ტესტი ექვს კვირაში შეიქმნა და მას ერთდროულად 10 რესპირატორული პათოგენის ამოცნობა 95% სიზუსტით შეუძლია.

მეცნიერები ასევე სისხლზე დაფუძნებული ტესტების სანდოობას განიხილავენ. აღნიშნული ტესტები მოლეკულურ ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია, მაგრამ იგი ბევრად იაფი და მარტივად დასამზადებელია.