თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც დღეს კლინიკაში გადაიყვანეს, კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ და პირველადი დიაგნოზით დასმული პნევმონია არ დადასტურდა. მათი თქმით, 2 სამხედროს ანალიზი უკვე გადაიგზავნა ლუგარში, 3-ისა კი მოგვიანებით გაიგზავნება და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

უწყების გადაწყვეტილებით, სამხედროები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ მკურნალობას, სადაც კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ სრული სამედიცინო კვლევა. მათივე თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო ჰოსპიტალი.

დღეს, 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ ოთხ სამხედროს ტემპერატურა აღარ ჰქონდა და მათი მდგოამარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, მეხუთეს კი პნევმონია აღმოაჩნდა, ამიტომ სხვა პალატაში გადაიყვანეს. ექიმის ცნობითვე, ისინი მანამდე საკარანტინო სივრცეში არ იყვნენ და პატრულირებდნენ, რის შემდეგაც დაეწყოთ ტემპერატურა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც და განაცხადა, რომ ჯარში, სპეციალური ჯგუფები ცალკეულ სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ატარებენ და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ. მათივე თქმით, ამბის "ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება" ხელს უშლიდა საზოგადოებაში ემოციური ფონის ნორმალიზებას და უწყებების ეფექტურ მუშაობას.