დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მიუსაფარი და ე.წ. ქუჩაში მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური საკარანტინო სივრცე გამოიყო. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ ბავშვები სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

უსახლკარო ბავშვების კარანტინში განთავსების მოთხოვნით, მთავრობას სოციალურმა მუშაკებმა მიმართეს. მათი განცხადებით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენებენ, სადაც მათი დაინფიცირების ძალიან დიდი რისკია. მათივე თქმით, ბავშვების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არ ხდებოდა, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სერვისების მიწოდებას რეგულარუს რეჟიმშ ვერ ახერხებდნენ და ცდილობდნენ არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირებას. მისივე თქმით, მიყვებიან შესაბამის რეკომენდაციებს.

"ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს", — განაცხადა მან.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ია. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: