მაშო მარგიშვილი 29 წლის ქართველი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელიც ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ ნიუ-იორკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

მაშომ მანამდე 2-წლიანი განათლება ტალინის უნივერსიტეტში მიიღო. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ მას Skillshare-მა თანამშრომლობა შესთავაზა და 2-თვიანი მზადების შემდეგ ონლაინ-გაკვეთილი ჩაწერა. ახლა მაშო, Skillshare-თან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უფასოდ უზიარებს.

Skillshare ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს, ძირითადად, ხელოვნების მიმართულების მოკლე გაკვეთილებს სთავაზობს. ამ პლატფორმაზე გაკვეთილების ნაწილი უფასოა, ნაწილი კი — ყოველთვიური პრემიუმის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი.

მაშოს მიერ მითითებული ეს ლინკი პლატფორმაზე დარეგისტრირებისას 2-თვიან უფასო პრემიუმს გთავაზობთ.

"არა მარტო დამწყები, არამედ პროფესიონალი ილუსტრატორებისა თუ ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც გამოსადეგარია Skillshare-ზე განთავსებული გაკვეთილები. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს გაკვეთილს, ძირითადად დამწყებებისთვის არის საინტერესო ან მათთვის, ვისაც პერსონაჟების შექმნისთვის შთაგონება სჭირდება", — ამბობს მაშო ჩვენთან საუბრისას და იმედს გამოთქვამს, რომ თავისუფალ დროს მისი შეთავაზება უამრავ ადამიანს დაეხმარება.

ქართველი ხელოვანის სიტყვებით, პლატფორმაზე დარეგისტრირებისას ბარათის მონაცემები შეგყავს, თუმცა ორი თვის განმავლობაში Skillshare თანხას არ ჩამოგაჭრის. ამ პერიოდის შემდეგ, შეგიძლია პრემიუმი თავისუფლად გააუქმო, რის შემდეგაც შენი ანგარიში უფასოზე გადავა — შეგიძლია სხვადასხვა უფასო გაკვეთილებს დაესწრო, ან გადაიხადო შესაბამისი თანხა და გააგრძელო პრემიუმი:

"ბოლო 4-5 წელი სულ Skillshare-ზე ვსწავლობდი სხვადასხვა რამეებს და მართლა ძალიან გამოსადეგარია".

მაშოს თავისი პროექტიც აქვს, სახელად Masholand, რომლის ყველა ილუსტრაცია ერთი თემის, მაშოს სამყაროს გარშემო ტრიალებს და "მაშოლენდელების" ისტორიებს ასახავს:

"Masholand პარალელური სამყაროა, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟებით, ადგილებითა და ისტორიებითაა სავსე".

ილუსტრატორი წიგნებზე და მარკეტინგულ მასალებზეც მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ციფრული და ბეჭდური მედიით გამოიცემა.

ასე რომ, თუ მხატვრობა შენი ერთ-ერთი დიდი ინტერესია და გსურს, რომ ციფრულ სამყაროში შენი უნარები გაიძლიერო, თვითიზოლაციაში ამაზე კარგ შემოთავაზებას ალბათ ვერც მიიღებდი.

ამავე თემაზე: