მას შემდეგ, რაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო სივრცეებად გამოცხადდა, შესასვლელთან ე.წ. ბლოკპოსტი განთავსდა და გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული არიან, როგორც სამხედრო ქვედანაყოფები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფები.

მარნეულში შემსვლელი ყველა მანქანის მძღოლს ტემპერატურას უსინჯავენ, მანქანას დეზინფექციას უტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ გასვლის უფლებას, სხვა მძღოლები კი პროცედურების დასრულებამდე ადგილზე იცდიან.

ბლოკპოსტის მიმდებარედ გავლებულია სპეციალური მავთულხლართები, მინდვრებიდან ხალხის გადაპარვის ასარიდებლად.

აქვე არის გაშლილი საველე ჰოსპიტალი, სადაც ქალაქში შემავალი პირებს ამოწმებენ.

მარნეულში შესვლის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა ჟურნალისტებს არ აქვთ. ადგილზე მუშაობისთვის კი მათ კონკრეტული სივრცე გამოუყვეს და გადაადგილების არეალი შეუზღუდეს.

მარნეულის მერიამ გადამღები ჯგუფებისთვის ადგილზე საჭმელი მიიტანა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ფართოდ არ გავრცელებულა. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ყველა ინფიცირებული უკავშირდება ერთი კონკრეტული ინფიცირებულის ოჯახურ ან სხვა ახლო კონტაქტებს.

რაც შეეხება პირველ ინფიცირებულ ქალს, იმნაძე ამბობს, რომ წყარო დადგენილია, თუმცა გადამოწმება კიდევ იქნება საჭირო.

"წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე შემოვიდა საქართველოში სხვა ქვეყნიდან. საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, ვაკეთებთ გენეტიკურ ანალიზს, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხვდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.", — აღნიშნა მან.

მარნეულში მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგი და სწრაფ ტესტებზე შემოწმება.

წაიკითხეთ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე:

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: