ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო რეგულირების საანგეტოში სწრაფი ტესტების შემოტანის ნებართვა 8 კომპანიამ ითხოვა და 4-მა უფლება მიიღო. მისი თქმით, კერძო სექტორში კომერციული ტესტების ფასს სახელმწიფო დაარეგულირებს.

On.ge-ს კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ სახელმწიფო ტესტების კომერციალიზაციას ეწინააღმდეგება, რადგან ასეთ დროს არავინ უნდა ისარგებლოს ადამიანების მდგომარეობით.

"ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ჩვენ არა გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო ერთობლივად.

ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, არცერთ უწყებას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას ამ კომპანიებისას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული.

აქედან გამომდინარეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და გარკვეულ შემთხვევებში და უმეტესწილად ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად", — განაცხადა მან.

ბოლო რამდენიმე დღეა სწრაფი ტესტების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისა და კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა ეზრუნა სწრაფი ტესტების შემოტანაზე და ეს მოსახლეობის უფრო ფართოდ ტესტირებას შეუწყობდა ხელს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია კი ამბობდა, რომ სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის", რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს, შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს. მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტები პანაცეა არაა.