იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების გამო, სახელმწიფო ინსპექტორმა სამინისტრო დააჯარიმა. ინსპექტორის სამსახურში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ ჯარიმის ოდენობას. ვიდეოში, რომელიც 21 იანვრის კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა გაავრცელა, ჩანს, როგორ ამოწმებს ციხეს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი. სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს ჩანაწერები პირის იდენტიფიცირების გარეშე (დაბლარულად) უნდა ეჩვენებინა.

სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს ვიდეოჩანაწერების წაშლა ან პერსონალური ინფორმაციის დაფარვა დაავალა.

"იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების შენახვის უფლებამოსილება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების გასაჯაროების ინტერესიც, თუმცა სამსახურმა არაკანონიერად მიიჩნია ამ ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირების სახეების ჩვენება", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

ომბუდსმენის თანამშრომლის პერსონალური მონაცემები პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელდა. გარდა ამისა, კადრები გააშუქეს ტელევიზიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა.

შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიდეო 2019 წლის 19 აპრილს ჩაიწერეს და 2020 წლის 21 იანვარს გავრცელდა.

თეა წულუკიანმა ციხის მონიტორინგის კადრები პარლამენტში მოსმენის დროს გაასაჯაროვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასეს. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ კადრების რამდენიმე თვით დაარქივებისა და გასაჯაროების გამო, წულუკიანს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლებდა.