დიდი ბრიტანეთის ეროვნული სატელევიზიო და კინოსკოლის სტუდენტები ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თანამედროვე რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა მოულოდნელად გაახარა და ვიდეოლექცია ჩაუტარა.

დიდ ბრიტანეთში ბევრი ქვეყნის მსგავსად ამჟამად კორონავირუსის გავრცელების გამო საგანმანათლებლო პროცესი ონლაინ ფორმატითაა ჩანაცვლებული. თვითიზოლაციაში მყოფი კინოსკოლის სტუდენტებს კი Fight Club-სა და Se7en -ის რეჟისორმა სიურპრიზი მოუწყო და პირადად ჩაუტარა მასტერკლასი.

"რთული კვირა იყო და გვინდოდა, ჩვენი სტუდენტების გასამხნევებლად რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა. ამიტომაც, ჩვენ შესაძლებლობა მივეცით 450 სტუდენტს, რომ დევიდ ფინჩერის მასტერკლასი პირადად მოესმინა", — აცხადებენ ეროვნულ სატელევიზიო და კინოსკოლაში.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ხშირად არ ჩნდება პრესთან გამართულ შეხვედრებსა თუ სხვა საჯარო ღონისძიებებზე, შესაბამისად, სტუდენტებს იშვიათი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მისთვის მოესმინათ.

დევიდ ფინჩერი ამჟამად ახალ ფილმზე, Mank-ზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლს გარი ოლდმანი შეასრულებს. ეს ფილმი 2014 წელს გამოსული Gone Girl-ის შემდეგ ფინჩერის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი იქნება.

მართალია, რეჟისორი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად არ ქმნიდა ფილმებს, თუმცა მან რამდენიმე გახმაურებულ სატელევიზიო პროექტზე იმუშავა: მან მონაწილეობა მიიღო ნეტფლიქსის ორი ისეთი გახმაურებული სერიალის შექმნაში, როგორებიცაა Mindhunter და Love, Death, & Robots.