პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ხუთი ჯარისკაცი შეიყვანეს. მათ დღეს, 26 მარტს აუღებენ ტესტს კორონავირუსზე. ექიმის განცხადებით, 26 მარტის დილისთვის ოთხ მათგანს ტემპერატურა აღარ აქვს და მათი მდგომარეობა კარგია. მისივე თქმით, მეხუთე პაციენტს აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაში გადაიყვანეს.

ექიმის ცნობითვე, ისინი მანამდე საკარანტინო სივრცეში არ იყვნენ და პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში და იქ დაეწყოთ ტემპერატურა.

ჯარისკაცების საავადმყოფოში გადაყვანას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც. უწყებაში ამბობენ, რომ ჯარში, სპეციალური ჯგუფები ცალკეულ სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ატარებენ და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ამოწმებენ.

"ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება", — წერია უწყების განცხადებაში.