დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მათთან ამ ეტაპზე კორნავირუსით ინფიცირებული 4 მძიმე პაციენტია. აქედან სამი ძველი შემთხვევაა, ხოლო ერთი ახალი.

"ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმვე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით და ასევე, თან არსებული დაავადება რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე, მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და თუ ასე გაგრძელდება, მდგომარეობა სტაბილური თუ დარჩება, ალბათ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს", — თქვა ეზუგბაიამ ახალ პაციენტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონიასთან ერთად ჰიპერტონული დაავადება აქვს, რამდენიმე დღეა სტაბილურია და ელოდებიან, რომ სიმძიმის პერიოდი გადაილახება.

კიდევ ერთ ინფიცირებულს დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია აქვს. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს.

მეოთხე მძიმე პაციენტი ასაკოვანი ქალია, მას არსებულ დაავადებებთან ერთად, სეფსისი გამოუვლინდა.

"გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ ორმხრივი პნევმონიის, თანარსებული გულის უკმარისობის და მძიმე ნევროლოგიური დაავადების გარდა, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა. ჯერჯერობით მძიმე მდგომარეობა რჩება, მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ პროგრესი მაინც სერიოზულია და როგორი იქნება გამოსავალი, ვერ ვილაპარაკებთ", - თქვა ეზუგბაიამ.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 77 ადამიანს. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.