ახლახანს მილიონობით ადამიანმა დამსაქმებელთა მოთხოვნით და კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაიწყო სახლიდან მუშაობა. მომავლის პროგნოზიც ისეთია, რომ სოციალური დისტანცირების მისაღწევად ამაზე ბევრად მეტ ადამიანსაც მოუწევს თვითიზოლაციის წესების დაცვა.

საბედნიეროდ, სახლში დარჩენილების განკარგულებაში იმგვარი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია, როგორსაც წარსულ პანდემიებში მოხვედრილი ხალხი ვერც კი წარმოიდგენდა. კომუნიკაციებისა და სოციალური კავშირების სფეროთა სპეციალისტებს, შესაძლოა, ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იმ სიამოვნების ჩანაცვლება, რომელსაც ადამიანები ერთმენეთთან უშუალო შეხვედრებისგან იღებენ. სახლში გამოკეტვა ასოციალურ ადამიანებშიც კი მარტოობის შეგრძნებას იწვევს. მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომლებიც თვითიზოლაციას თუ კარანტინში ყოფნას ნაკლებად დამთრგუნველ გამოცდილებად აქცევს.

1. განაგრძეთ "ერთად" ჭამა-სმა

ადამიანებს, სავარაუდოდ, იმის შეხსენება არ დასჭირდებათ, რომ სახლში ყოფნის პერიოდში უახლოეს მეგობრებთან კავშირი არ დაკარგონ. თუმცა ისეთი ნაკლებად რეგულარული შეკრებები, როგორებიცაა თანამშრომლებთან პერიოდული ლანჩი ან კაფეებში ნაცნობებთან შემთხვევით გადაყრა, შესაძლოა, დავიწყებას მიეცეს, რადგან ასეთი შემთხვევები უმეტესად ექსპრომტად, დაუგეგმავად ხდება ხოლმე. მელისა მაზმანიანი, ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორი ამბობს, რომ დაკარგული ინტერაქციების ასანაზღაურებლად კარგი იდეაა ისეთი ვიდეოზარების დაგეგმვა, რომლებიც "აბა, დღეს რა გადაგხდა-ს" ტიპის მოკითხვის ფუნქციას შეასრულებს.

ფოტო: Eea Ikeda / Unsplash

"ისეთი რაღაცის დაგეგმვამ, რასაც ჩვეულებრივ სპონტანურობა ახასიათებს, შეიძლება, ხელოვნურობის განცდა გააჩინოს", — აღნიშნავს მაზმანიანი, — "მაგრამ ამ ტიპის ურთიერთობებისთვის ფორმალური სახის მიცემა დღეს გარდაუვალია, რადგან უახლოეს მომავალში ერთმანეთს შემთხვევით ვერაფრით გადავეყრებით. ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის წინ განმარტოებით ჭამა უფრო მარტივი კი შეიძლება იყოს, თუმცა საკვების ნაცნობებთან ერთად მირთმევა კავშირის დამყარების კარგი შესაძლებლობაა". ახლახანს მაზმანიანი და მისი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ დისტანციურად მუშაობის დროს ვიდეოზარის საშუალებით საერთო ლანჩის პრაქტიკასაც დაამკვიდრებენ, რომლის დროსაც თავთავიანთი ლეპტოპების წინ ისადილებენ და ერთმანეთსაც გაესაუბრებიან.

სტენფორდის უნივერსიტეტის კომუნიკაციების პროფესორი, ჯეფ ჰანკოკი ამბობს, რომ კორონავირუსის კრიზისამდეც კი ხშირად ურეკავდა სკაიპით თავის მეგობარს სხვა ქალაქში და ერთად სვამდნენ ვისკის. "ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებთან დროს ვატარებთ, ხშირადაა ჭამა ან დალევა", — ამბობს ის. ვიდეოჩატის საშუალებით კი ამის სიმულაცია დიდ მანძილზეც შესაძლებელია. მეტიც, ჰანკოკი აღნიშნავს, რომ "სხვასთან ერთად სადილობა ან ლანჩი სიგნალია იმისა, რომ ეს ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანია და იმაზე ღრმა კავშირის ქონა გსურს, ვიდრე მესიჯების არარეგულარული გაცვლა-გამოცვლაა. თანაც, ჭამისთვის დროის გამოძებნას ვერავინ გაექცევა — ჩვენი ყველაზე დაკავებული მეგობრებიც კი".

2. შეინარჩუნეთ კავშირი ახლოს და შორსმყოფ მეგობრებთან

მაზმანიანის თვალსაზრისით, სატელეფონო ზარები ან ვიდეოჩატები მშვენიერი გზაა "ადამიანებს შორის შედარებით ღრმა კავშირების დასამყარებლად" და ის, მანძილის მიუხედავად, გულითადი საუბრის გაბმის საშუალებას იძლევა. ჩვეულებრივ, ჩვენთან ახლოს მცხოვრებ მეგობრებთან ყველაზე ადვილია ურთიერთობის შენარჩუნება. მაგრამ კარანტინს მიმსგავსებულ პირობებში აღარ აქვს მნიშვნელობა, ახლობლები და ოჯახის წევრები ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან თუ საზღვარგარეთ — კონტაქტის დამყარების ფორმა ორივე შემთხვევაში ერთნაირია. ამის გათვალისწინებით, მაზმანიანი გვირჩევს, "გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომლებზეც გული შეგვტკივა, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. ახლა ხომ ყველას სოციალური კალენდარი გაცილებით თავისუფალია".

დისტანციური შეხვედრების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები გვეხმარება, მეტად სოციალიზებულად ვიგრძნოთ თავი. ჰენკოკი მეგობრობის "ეკოლოგიის" აღწერისას ორ კატეგორიას გამოყოფს: ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვსადილობთ ან ფილმის სანახავად დავდივართ და მათ, ვისთან ერთადაც შეგვიძლია, არაფერი ვაკეთოთ.

3. გამოიყენეთ სხვადასხვაგვარი მედიასაშუალება

ფოტო: Shutterstock

მნიშვნელოვანი არამხოლოდ მრავალფეროვანი ურთიერთობების ქონაა, არამედ — ამ კავშირების შესანარჩუნებლად გამოყენებული მედიასაშუალებათა ნაირგვარობაც. ჰენკოკის თქმით, ყურადღების მომთხოვნი, "სინქრონული" საუბრები, რომელიც რეალურ დროში მობილურისა და ვიდეოჩატის საშუალებით ხორციელდება, სიახლოვის განცდას კი უწყობს ხელს, მაგრამ იგივე ეფექტი ზედაპირულ კონტაქტს — ბმულების გაზიარებას ან მოკლე შეტყობინებების გაგზავნასაც შეიძლება ჰქონდეს. "ყურადღების მცირე გამოვლინებებიც მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.

ძვირფასი ადამიანებისთვის დიდი დროის დათმობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა, რომ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში მცირე დოზებითაც შემოვიყვანოთ. ამის ერთ-ერთი უჩვეულო საშუალებაა, დაიწყოთ მეგობართან ან შეყვარებულთან ვიდეოჩატი, რომელიც 1-2 საათით ფონად იქნება ჩართული მანამ, სანამ თქვენ სხვა საქმეებით იქნებით დაკავებული. ეს, შეიძლება, პირად სივრცეში შეჭრად მოგეჩვენოთ, მაგრამ დისტანციურ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს. ამ გზით ისინი დროის ერთად გატარებასა და კომუნიკაციას იმგვარად ახერხებენ, თითქოს ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ.

ინტერაქციის სხვა, შედარებით პასიური ფორმაა ფილმის ან სერიალის ერთდროულად ყურება. ეს ნეტფლიქსის რამდენიმე კომპიუტერთან სინქრონიზებით ან ერთი და იმავე ვიდეოს სხვადასხვა ეკრანზე თანადროულად გაშვებითაა შესაძლებელი.

4. გვერდში ამოუდექით სხვებს (ან უბრალოდ გააგებინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ)

"სოციალური კავშირების ქონის განცდისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია მხარდაჭერის მიღება ან, სულ მცირე, იმის ცოდნა მაინც, რომ საჭიროების შემთხვევაში არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ დასახმარებლად მზად იქნება", — ამბობს ჯულიან ჰოლტ-ლანსტედი, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. კვლევით დადასტურებულია, რომ დახმარების შეთავაზება სასარგებლოა როგორც ადრესატისთვის, ისე თავად შემთავაზებლისთვისაც.

მხარდაჭერა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს; მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რაიმე ხელშესახები (საკვების გაგზავნა მეგობრისთვის); ინფორმაციული (რჩევის გაზიარება, თუ როგორ გავუმკლავდეთ პანდემიის დროს ცხოვრების რაღაც ასპექტებს); ან ემოციური (მეგობართან დაკავშირება იმის გასაგებად, თუ როგორ ეგუება ამ ყველაფერს). "თუნდაც იმის ცოდნა, რომ საჭიროების შემთხვევაში გვერდით დაგვიდგებიან, სტრესის შესამსუბუქებლად საკმარისია", — ამბობს ჰოლტ-ლანსტედი.

5. ეკონტაქტეთ ოჯახის წევრებს

ფოტო: Sarandy Westfall / Unsplash

სამუშაო ადგილებისა და სკოლების დახურვის შემდეგ პირისპირ ურთიერთობას მხოლოდ იმ ადამიანებთან შევძლებთ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ. "ეს ის პერიოდია, როცა ცხოვრების წესი მარტივდება. ახლა უკვე გვაქვს დრო, ისეთი რაღაცები ვაკეთოთ ერთად, რასაც ჩვენი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდით", — აღნიშნავს ჰოლტ-ლანსტედი.

კორონავირუსის საფრთხის პირობებში ცხოვრება შიშსა და უნდობლობის განცდას იწვევს, მაგრამ მაშინ, როცა ამ ყველაფრის გვერდით გადადებას ახერხებს, ჰოლტი ყველანაირად ცდილობს, მოძებნოს გზები, რაც ამ პერიოდის ახლობელ ადამიანებთად ერთად გატარებას სასიამოვნოს გახდის: "იმის ნაცვლად, რომ ვიღელვოთ შექმნილ სიტუაციაზე, შეგვიძლია, სხვადასხვა თამაშით შევიქციოთ თავი და, სოციალური დისტანციის წესების დაცვით, ოჯახის წევრებთან ერთად გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე".

6. ებრძოლეთ მონოტონურობას

მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ადამიანური კავშირების დამყარების ერთადერთი გზა, სახლიდან გასვლა და გარემოს შეცვლა სოციალიზაციის განსაკუთრებით სასიამოვნო ნაწილს ნამდვილად წარმოაგენს. ამის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირების წესების დაცვით გარეთ გასეირნება შესაძლებლობას მოგცემთ, დროებით თავი დააღწიოთ ერთი და იმავე ავეჯისა და კედლების ყურებას. ამ დროს ასევე შესაძლებელია, სპონტანურად გადაეყაროთ უცნობებს და ცხოვრების იმგვარი წესის გემო შეიგრძნოთ, როგორიც კორონავირუსის გამოჩენამდე გქონდათ.

ფოტო: Sven Brandsma / Unsplash

"არ აქვს მნიშვნელობა, იმ მეზობელს შეხვდებით, რომელსაც 10 წელია იცნობთ, თუ სრულიად უცნობ ადამიანს — ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ, გაუღიმოთ მათ და ხელის დაქნევით მიესალმოთ", — ამბობს ჰოლტ-ლანსტედი. ასევე დაგეგმეთ ვიდეოზარი მეგობართან, როცა ორივე ერთდროულად გახვალთ სასეირნოდ. ეს მათ გვერდით ყოფნის განცდას კი ვერ შეედრება, თუმცა, ისიც სასიამოვნო შეგრძნება იქნება, რომ ორივე ერთდროულად ხართ სუფთა ჰაერზე.

გარემოს შეცვლა ნაწილობრივ სახლის პირობებშიც შესაძლებელია. "ბანალურად კი ჟღერს, თუმცა, სინმადვილეში, საერთოდ არაა ასე: ვიდეოზარის განხორციელების დროს სახლის განათებები ცვალეთ", — გვირჩევს მაზმანიანი, — "ვიდეოგამოსახულებაზე ისე იფიქრეთ, თითქოს სცენაა, რომლის უკანა ფონსაც ასხვაფერებთ თანამოსაუბრისთვისა და თქვენთვისაც". შესაძლოა, ეს ბევრს ზედმეტ ძალისხმევად მოეჩვენოს, მაგრამ ზოგისთვის სახალისო იქნება, თუ ვიდეოჩატისას კაფეში შეხვედრის იმიტირებას დაბინდული განათებითა და სანთლებით შეეცდება.

ჰანკოკი აღნიშნავს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც სახლიდან მუშაობს, საქმის დაწყებამდე სხვა ტანსაცმელს იცვამს, რაც მათ სამუშაო და სახლის ცხოვრების ერთმანეთისგან განცალკევებაში ეხმარება. ეს გამოცდილება ინსპირაციად გამოდგება შორ მანძილზე ურთიერთობებისთვისაც — მაგალითად, ვიდეოზარის განხორციელებისას ისე გამოეწყვეთ, როგორც ამას გარეთ შეხვედრისას იზამდით. ესეც, შეიძლება, ზედმეტ თავისტკივილად მოგეჩვენოთ, თუმცა მსგავსი უმნიშვნელო დეტალები გულწრფელად გაგახალისებთ და აგიმაღლებთ განწყობას.

7. გახსოვდეთ, რომ სოციალიზება ყოველთვის სახალისო არ არის

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის სასიამოვნო არ არის", — ამბობს მაზმანიანი, — "ამიტომ ცოტა ხნით მათგან შესვენებაც კარგია". რასაკვირველია, უმჯობესია, როცა ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით ვიღებთ, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ როცა გარე ფაქტორები გვიზღუდავენ სოციალიზაციას, ჩვენ ამ გამოცდილების დადებითი მხარეები უფრო გვახსენდება, ვიდრე უარყოფითი. ამ მხრივ, დისტანციურად ურთიერთობის ის უპირატესობაც დასაფასებელია, რომ როცა მობილურისა და ვიდეოზარის გათიშვით საუბარს ამთავრებთ, უკვე შინ ხართ და გვიან ღამით — სავარაუდოდ, შეზარხოშებულ მდგომარეობაში — მეგობრისგან ან ბარიდან სახლში დასაბრუნებლად გზის გავლა არ გიწევთ.

ასე რომ, მიდით (უფრო სწორად კი, დარჩით სახლში) და იურთიერთეთ ადამიანებთან, მაგრამ ამავდროულად ახლადგამოთავისუფლებული დრო ისეთი საქმისთვისაც გამოიყენეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ ადრე ვერ იცლიდით მისთვის. "მოეწყვეთ და გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული საკუთარი ხელებითა და გონებით; მაგალითად, იმუშავეთ სამეცნიერო პროექტზე ან მოქსოვეთ სვიტერი", — ამბობს მაზმანიანი, — "ეცადეთ, მიიღოთ სიამოვნება მსგავსი, განმარტოებით შესასრულებელი საქმიანობებისგან".