სოციალური მუშაკების გაერთიანება მიუსაფარ არასრულწლოვანთა 2-კვირიან კარანტინში განთავსებას ითხოვს. სოცმუშაკები ასევე ითხოვენ, რომ მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრებიც შეიქმნას, სადაც კარანტინის გავლის შემდგომ განთავსდებიან.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენენ, სადაც მათი დაინფიცირების ძალიან დიდი რისკია.

მათივე თქმით, მიუსაფარი ბავშვების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის მიზნით არ ხდება, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ.

"აღნიშნული ბავშვების უკვე თავშესაფარში წამოყვანაც შეუძლებელია, ვინაიდან მათ შესაძლოა თავშესაფარში მცხოვრები სხვა ბენეფიციარები დააინფიცირონ... ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ შემთხვევაში ის არის, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ბავშვები იდენტიფიცირებისას არ არსებობს ადგილი, სადაც მათ წაყვანას და მათი საჭიროების უზრუნველყოფას შეძლებენ", — ნათქვამია სოციალური მუშაკთა განცხადებაში.

On.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, სადაც განუცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.