საკმარისია. როცა ადამიანები ცდილობენ პოზიტიურად შეხვდნენ სოციალური დისტანცირების და სახლიდან მუშაობის მოთხოვნებს და აღნიშნავენ, რომ შექსპირს და ნიუტონს ყველაზე დიდი მიღწევები ინგლისში შავი ჭირის გავრცელებისას ჰქონდათ, ერთი აშკარა პასუხი იჩენს თავს: არცერთ მათგანს ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობა არ ჰქონდა!

შექსპირი თითქმის მუდამ ლონდონში საქმიანობდა — იქ, სადაც თეატრები იყო. მისი ოჯახი კი ეივონის სტრატფორდში ცხოვრობდა. 1606 წლის შავი ჭირის გავრცელების პერიოდში მწერალი ეპიდემიამ დაინდო, თუმცა ქალი, ვისგანაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები, გარდაიცვალა. შექსპირის ცოლი და ორი ქალიშვილი უორუიქშირში უსაფრთხოდ იყო.

ნიუტონს ცოლი და შვილები არ ჰყოლია. შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში, 1665-1666 წლებში, აღმოსავლეთ ინგლისში, თავისი ოჯახის მამულში ცხოვრობდა. შემდგომ, თითქმის მთელი ზრდასრული ცხოვრება კემბრიჯის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც მის კვებაზე და საყოფაცხოვრებო საქმეებზე უნივერსიტეტი ზრუნავდა.

ვისაც სხვაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვს, ინფექციური დაავადების გავრცელებისას სავარაუდოდ ვერც მეფე ლირს დაწერს და ვერც ოპტიკის თეორიას ჩამოაყალიბებს. პანდემია ყველანაირ უთანასწორობას ზრდის (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები მოგვიწოდებენ, არ ვისაუბროთ არაფერზე, შექმნილი კრიზისის გარდა).

სახლიდან მუშაობა ოფისში დასაქმებულისთვის ადვილია — ვისაც სამსახურში ხელფასი და სხვა დამატებითი სარგებელი აქვს, ასეთ დროს უკეთაა დაცული. თვითიზოლაცია ასევე ნაკლები ტვირთია დიდი სახლის მქონე ადამიანებისთვის, განსხვავებით პატარა ბინის მაცხოვრებლებისგან. თუმცა, კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ეფექტი მომავალში იქნება ის, რომ ბევრ წყვილს 1950-იან წლებში დააბრუნებს. მთელ მსოფლიოში პანდემიას ეყოლება ჩუმი მსხვერპლი — ქალთა დამოუკიდებლობა.

ფიზიკური თვალსაზრისით, კორონავირუსი ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლებ საფრთხეს უქმნის. თუმცა, გასული დღეების განმავლობაში პანდემიაზე დისკუსიამ სხვა ასპექტებიც შეიძინა: ჩვენ არამხოლოდ სამედიცინო, არამედ ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ. ცხოვრების ნორმალური რიტმი სამი ან მეტი თვით შეჩერებულია, რაც უამრავ ადამიანს სამსახურს გარდაუვლად დააკარგვინებს.

ამავდროულად, სკოლების დახურვა და საცხოვრებელ ადგილებში იზოლაცია ბავშვებზე ზრუნვას ანაზღაურებადი ეკონომიკიდან (ბაღები, ძიძები, სკოლები) არაანაზღაურებად საქმიანობად გარდაქმნის. "ჩვენ ორივეს შეგვიძლია მუშაობა, რადგან სხვა მოუვლის ჩვენს ბავშვებს" — თუ ორივე პარტნიორი მუშაობს, მათ ამგვარ შეთანხმებას კორონავირუსი გაანადგურებს. სანაცვლოდ, წყვილებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რომელი მათგანი აიღებს საკუთარ თავზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.

მიმდინარე პანდემიასთან ბევრი ქედმაღლობის ამბავია დაკავშირებული. ყველაზე მძიმე ისაა, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს მიიღოს გაკვეთილი ისტორიისგან: 2014 წლის ებოლას კრიზისი აფრიკის სამ ქვეყანაში; ზიკა 2015–2016 წლებში; SARS, ღორის გრიპი და ფრინველის გრიპი. ამ ეპიდემიების შესწავლისას მკვლევარები წააწყდნენ მათ ღრმა, ხანგრძლივ გავლენას გენდერულ თანასწორობაზე.

"დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის შედეგად შემოსავალი ყველას შეუმცირდა" — განუცხადა ამ თვის The New York Times-ს ჯულია სმიტმა, ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარმა სიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში — "კაცების შემოსავალი ეპიდემიამდელ ნიშნულს უფრო სწრაფად დაუბრუნდა, ვიდრე ქალების შემოსავალი".

ეპიდემიის შედეგად, თანასწორობის რღვევა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, როგორც ეს ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის ასისტენტ პროფესორმა, კლერ ვენჰამმა მითხრა.

"[ებოლას დროს] თვალშისაცემი იყო, ასევე, როგორ იკლო ბავშვთა ვაქცინაციამ".

მოგვიანებით, როდესაც ამ ბავშვებს გადაედოთ ისეთი დაავადებები, რომლებიც ვაქცინით შეიძლება ყოფილიყო თავიდან არიდებული, სამსახურის გაცდენა ბავშვების მოსავლელად დედებს მოუწიათ.

მომდევნო თვეების განმავლობაში მრავალი წყვილი გააკეთებს არჩევანს და ინდივიდუალურ დონეზე მათი გადაწყვეტილება ეკონომიკურად რაციონალური იქნება. რა სჭირდებათ პანდემიისას პაციენტებს? ზრუნვა. რა სჭირდებათ იზოლირებულ ასაკოვან ადამიანებს? ზრუნვა. რა სჭირდებათ სკოლის ნაცვლად სახლში დარჩენილ ბავშვებს? ზრუნვა. ზრუნვა — ეს არაანაზღაურებადი საქმე — არსებული სამუშაო კულტურიდან გამომდინარე, უფრო მეტად ქალების პასუხისმგებლობა იქნება.

"ამას იწვევს არამხოლოდ დამკვიდრებული სოციალური ნორმა, რომ ქალი უნდა იყოს უპირველესი მზრუნველი, არამედ არსებობს პრაქტიკული მიზეზიც", — დაამატა ვენჰამმა —"ვის უხდიან ნაკლებს? ვის შეუძლია იყოს უფრო ადაპტირებადი?"

ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, დასაქმებული ქალების 40% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ასეთ კაცი კი მხოლოდ 13%-ია. ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ქალებს უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ. შესაბამისად, მათი სამუშაოები ნაკლებპრიორიტეტულია, როდესაც გაუთვალისწინებელი მოვლენები იჩენს თავს. ამ კონკრეტულმა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ [კორონავირუსმა] კი შეიძლება თვეები გასტანოს, არათუ კვირები. ზოგი ქალის შემოსავალი არასდროს დაუბრუნდება პირველად ნიშნულს. სკოლების დახურვის შემდეგ უდაოდ ბევრი მამა აიღებს ზრუნვის პასუხისმგებლობას, მაგრამ ამას არ ექნება უნივერსალური ხასიათი.

მეოცე საუკუნეში ქალების მიერ სამუშაო ბაზრის მასობრივი ათვისების მიუხედავად, "მეორე ცვლის" ფენომენი ჯერ კიდევ არსებობს. მთელ მსოფლიოში, ქალები, მათ შორის დასაქმებულებიც, უფრო მეტ სახლის საქმეს აკეთებენ და ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ კაც პარტნიორებთან შედარებით. საკვების პანიკური ყიდვის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ე.წ. მემეებიც ქალებს აღბეჭდავენ, რადგან უმეტესწილად მათზეა ისეთი საშინაო საქმეები, როგორიცაა სურსათის შეძენა და სხვ.

"მე არ მეშინია COVID-19-ის, მაგრამ მაშინებს საღი აზრის ნაკლებობა" — ნათქვამია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტვიტში კორონავირუსის კრიზისის შესახებ.

"მე მეშინია იმ ადამიანების გამო, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ მაღაზიაში წასვლა ოჯახისთვის პროდუქტების შესაძენად, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან სუზანმა და კარენმა 30 წლის სამყოფი პროდუქტი მოიმარაგეს".

ეს ხუმრობა მხოლოდ იმიტომ არის სასაცილო, რომ სწორედ "სუზანი" და "კარენი", გარეუბნელი, აქტიური დედების კრებითი სახეები, არიან პასუხისმგებელნი საყოფაცხოვრებო მენეჯმენტზე და არა კაცები —მაგალითად, მაიკი და სტივი.

მიმოიხედეთ გარშემო და დაინახავთ, რომ წყვილები უკვე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს, როგორ გაინაწილონ დამატებული არაანაზღაურებადი პასუხისმგებლობები.

როცა კლერ ვენჰამს დავურეკე, ის იზოლირებული იყო ორ პატარა ბავშვთან ერთად; ის და მისი მეუღლე ყოველ ორ საათში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ბავშვებზე ზრუნვასა და ანაზღაურებადი საქმის კეთებაში. ეს ერთ-ერთი გამოსავალია;

თუმცა, სხვა ოჯახების შემთხვევაში საქმეების განაწილება უფრო ძველებურად მოხდება. ორი შემოსავლის მქონე ოჯახში, პარტნიორებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ იწყებენ ცხოვრებას თავიანთი ბებიების და ბაბუების მსგავსად — ერთი მათგანი იქნება ოჯახში "შემომტანი", ხოლო მეორე — სახლში მყოფი "მზრუნველი".

ჩემი მეუღლე სასწრაფო დახმარების ექიმია და აქტიურად მკურნალობს კორონავირუსის მქონე პაციენტებს. მოგვიწია რთული გადაწყვეტილების მიღება, რომ ის იზოლირებულიყო და დროებით ეცხოვრა ცალკე სახლში ავტოფარეხის თავზე. უახლოესი პერიოდი იქ იქნება, სანამ დაავადებულებს მკურნალობს.

ვცდილობ სახლში მარტომ ვასწავლო შვილებს სკოლის მასალა მაშინ, როდესაც ჩვილი ტირის, თუ ხელში არ მიჭირავს. ამავდროულად, მეუღლის ჯანმრთელობაზე ვდარდობ.

ემორის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი რეიჩელ პატცერი, რომელსაც სამი კვირის ჩვილი და ორი პატარა ბავშვი ჰყავს

კიდევ უფრო რთული გამოწვევის წინაშე არიან მარტოხელა მშობლები: როდესაც სკოლები დახურულია, როგორ გაანაწილონ დრო შემოსავლისთვის შრომასა და სხვებზე ზრუნვას შორის? ნურავის ექნება ნოსტალგიური წარმოდგენა "1950-იანი წლების იდეალზე" — მამა ბრუნდება სახლში, სადაც ხვდება ახლადმომზადებული სადილი და დაბანილი ბავშვები. ასეთი ცხოვრება 1950-იან წლებშიც კი არ იყო ბევრისთვის ხელმისაწვდომი. დღესდღეობით, ოჯახების მეოთხედს მარტოხელა მშობელი უძღვება. მათი 90% ქალია. დახურული სკოლები ამ ქალების ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს.

ებოლას ეპიდემიის დანარჩენი გაკვეთილებიც ასეთივე მკაცრია და მიმდინარე კრიზისისას მსგავსი, თუმცა შესაძლოა, ნაკლებად მძიმე შედეგები დადგება განვითარებად ქვეყნებშიც: ებოლას ეპიდემიისას სკოლების დახურვამ გავლენა იქონია გოგოების შესაძლებლობებზე, რადგან ბევრმა მათგანმა სკოლაში სიარული შეწყვიტა (თინეიჯერებს შორის ორსულობის ზრდამ ეს კიდევ უფრო გაამძაფრა); გაიზარდა ოჯახური და სექსუალური ძალადობა; მეტი ქალი გარდაიცვალა მშობიარობისას, რადგან რესურსები მიმართული იყო სხვა პრობლემის მოგვარებისკენ.

"ჯანდაცვის სისტემაში უთანასწორობა არსებობს — ყველა რესურსი ხმარდება ეპიდემიის მართვას", — თქვა ვენჰამმა, რომელმაც ებოლას კრიზისის დროს კვლევების ჩასატარებლად დასავლეთ აფრიკაში იმოგზაურა. — "ყველაფერი, რაც არ არის პრიორიტეტი, გაუქმებულია. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს დედათა სიკვდილიანობაზე, ან კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობაზე".

შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ამ სფეროში შემაშფოთებელი სტატისტიკა სხვა ნაკლებად მდიდარ ქვეყნებთან შედარებითაც — აქ შავკანიანი ქალები ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან მშობიარობისას, ვიდრე თეთრკანიანები.

კლერ ვენჰამი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე გასაოცარი იყო სტატისტიკა სიერა ლეონედან — ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, რომელიც ებოლას ეპიდემიისას ყველაზე მეტად დაზარალდა: დაავადების აფეთქების პერიოდში, 2013-დან 2016 წლამდე, უფრო მეტი ქალი გარდაიცვალა გინეკოლოგიური გართულებებით, ვიდრე თავად ინფექციური დაავადებით. თუმცა, ეს სიკვდილიანობა, ისევე როგორც ქალების შეუმჩნეველი ზრუნვა, რომელზეც თანამედროვე ეკონომიკა დგას, ნაკლებ ყურადღებას იქცევს, ვიდრე ეპიდემიის მიერ წარმოქმნილი უშუალო პრობლემები. ამ შემთხვევებში, გარდაცვალება მიჩნეულია მოცემულობად.

თავის წიგნში "უჩინარი ქალები", ქეროლაინ ქრიადო პერესი აღნიშნავს, რომ ზიკას და ებოლას ეპიდემიების პერიოდში 29 მილიონი ნაშრომი გამოქვეყნდა 15 000 სხვადასხვა პროფესიულ გამოცემაში, მათ შორის ეპიდემიების გენდერული გავლენის ანალიზს კი მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლები აკეთებს.

კლერ ვენჰამი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ შეხვედრია კორონავირუსის გენდერული გავლენის ანალიზი; ის და მისი ორი კოლეგა ცდილობენ შეავსონ ეს სიცარიელე და პრობლემა ამ კუთხიდან გამოიკვლიონ.

ებოლასა და ზიკას ეპიდემიების შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ კორონავირუსის პანდემიის მართვაზეც უნდა მოახდინოს გავლენა. ჩვენ ვიცით, რომ საყოველთაო კარანტინის პერიოდში მოსალოდნელია ოჯახში ძალადობის მაჩვენებლის გაზრდა როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. სტრესი, ალკოჰოლის მოხმარება და ფინანსური სირთულეები მიჩნეულია ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორებად, მთელი მსოფლიოს საკარანტინო ზონებში კი სამივე მათგანი მოიმატებს.

ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Women’s Aid-მა განაცხადა: "ვშიშობთ, სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია დამნაშავეთა მხრიდან იძულებითი და მაკონტროლებელი ქცევის იარაღად იქნება გამოყენებული და ხელს შეუშლის ჩაგრულებს, მოიპოვონ უსაფრთხოება და მხარდაჭერა".

მკვლევარები, მათ შორის, ვისაც პირადად ვესაუბრე, იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მსგავსი მოსაზრებების გათვალისწინება პოლიტიკის შემუშავებისას არ ხდება. მსოფლიოში დღესდღეობით პანდემიის მართვის პროცესი ძირითადად გენდერულად ნეიტრალურად მიმდინარეობს. მკვლევარებს ასევე ადარდებთ, რომ გვიანდება მომავლისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მონაცემების შეგროვება. მაგალითისთვის — ჩვენ გვაქვს მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს კორონავირუსი და მსგავსი ვირუსები ორსულ ქალებზე, — შესაბამისად, ისინი მიმდინარე კრიზისის დროს ურთიერთგამომრიცხავ რჩევებს ისმენენ.

ასევე, როგორც გლობალური განვითარების ცენტრის პოლიტიკის უფროსი მკვლევარი, სუზანა ჰარესი აღწერს, არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ შეიქმნას მოდელი და დაიგეგმოს, როდის აღდგება სწავლა სკოლებში.

ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ მსგავსი შეცდომები. რთულია ამის გააზრება, მაგრამ ეპიდემიები გარდაუვალია. ამიტომ, უნდა გავუძლოთ ცდუნებას და არ ვამტკიცოთ, რომ გენდერი რეალური კრიზისისგან დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი ასპექტია. ახლა რასაც გავაკეთებთ, მილიონობით ქალის და გოგოს ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას.

კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი, როგორც ეკონომიკური, ასევე სამედიცინო, იქნება გლობალური და გრძელვადიანი. თუმცა, ის ასევე შესაძლებლობაა. ეს შეიძლება იყოს პირველი ეპიდემია, რომლის დროსაც გენდერული და სქესობრივი განსხვავებები აღირიცხება და გათვალისწინებული იქნება მკვლევარების და პოლიტიკის შემქმნელთა მიერ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვზე ზრუნვა და მოხუცებულთა მოვლა შეიძლება თავის თავზე აიღონ ინდივიდუალურმა მოქალაქეებმა (ძირითადად ქალებმა), რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფენ ეკონომიკისთვის უზარმაზარ სუბსიდიას. მიმდინარე პანდემიამ უნდა შეგვახსენოს ამ უთანასწორობის ნამდვილი სახე.

კლერ ვენჰამი ამბობს, რომ მხარს უჭერს ბავშვთა გადაუდებელი ზრუნვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ფინანსურ სტიმულებს, რომელსაც უშუალოდ ოჯახები მიიღებენ. თუმცა, მას იმედი არ აქვს, რომ ეს მოხდება. მისი გამოცდილებით, მთავრობები ძირითადად მოკლევადიან და რეაქტიული ხასიათის ნაბიჯებს დგამენ.

"ყველაფერი, რაც მოხდა, წინასწარ იყო ნავარაუდევი, არა?", — მკითხა მან — "როგორც კოლექტიურმა აკადემიურმა ჯგუფმა, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩინეთში დაიწყებოდა ეპიდემია, რომელიც გვაჩვენებდა, როგორ ვრცელდება დაავადება გლობალიზაციის პირობებში და ფინანსური ინსტიტუტების პარალიზებას მოახდენდა. ამის მიუხედავად, მთავრობებს არ გამოუყვიათ წინასწარ თანხები, არ შექმნილა სამოქმედო გეგმა... ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით და მათ არ მოგვისმინეს. ახლა რატომ მოუსმენენ რაიმეს ქალების შესახებ?"