ჩრდილო ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ადასტურებს, რომ ეპარქიაში მოღვაწე ქართველ დეკანოზს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მისი თქმით, სასულიერო პირს, სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა და ექიმს იმავე დღეს მიმართა. ეპისკოპოსის ინფორმაციით, დეკანოზს მრევლთან შეხება არ ჰქონია და სახლში მკურნალობს.

"მაგალითი მივცეთ სხვებს, რომ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმსგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დამალო არაფერი", — განაცხადა მეუფე საბამ.

ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს, თუკი რომელიმე მათგანს ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკანოზთან ჰქონდა კონტაქტი, დააკვირდნენ სიმპტომებს და გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს მიმართონ.

მეუფე საბას გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მისი თქმით, ეპარქია ითვალისწინებს სახელმწიფოს რეგულაციებს, რათა კორონავირუსი უფრო მეტად არ გავრცელდეს.

20 მარტს,სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა.

"მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს", — განაცხადა მან.

მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მრევლსაც ამისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამავე დროს, აცხადებს, რომ აღდგომაზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა:

"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".