24 წლის დავით დალაქიშვილი მარნეულში, სოფელ თამარისში ცხოვრობს.

ორი დღის წინ მისმა ინიციატივამ სოციალური ქსელი ააჭრელა — დავითმა საკარანტინო ზონად გამოცხადებული მარნეულის მოსახლეობას ორი დღით უფასო პური შესთავაზა.

On.ge მას დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, თუმცა პასუხი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ მივიღეთ და თან გადაუწყვეტელი — დავითი ყოყმანობდა, უკვე ისე გავრცელდა ეს ამბავი, შეიძლება პიარში ჩამეთვალოსო.

"ეგ დავწერე იმისთვის რომ თანასოფლელებისთვის მიმეწოდებინა სწრფად ინფორმაცია. არ მინდა ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ნაბიჯი ჩემი პიარისთვის გადავდგი", — გვითხრა მან.

საბოლოოდ, მცირე ინტერვიუზე დავითანხმეთ.

როგორც აღმოჩნდა, მის ოჯახს მარნეულში უკვე ერთი წელია თონე აქვს — დედა პურს აცხობს, დავითი კი მომარაგებას უზრუნველყოფს.

ამბობს, რომ ქალაქში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ხალხში პანიკა იყო და სურდა, მდგომარეობა შეემსუბუქებინა. უფასო პურის იდეა დედას მიაწოდა, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა და ორ დღეში თონეში 500-ზე მეტი პური გამოაცხო.

"ღამე გამოცხადდა მარნეულში და ბოლნისში კარანტინი. დილა რომ გათენდა, უკვე შეინიშნებოდა გარკვეული პანიკა ხალხში. დავურეკე დედაჩემს დილის ექვს საათზე და ვთხოვე, რომ უკვე დაგვეწყო თანასოფლელებზე პურის გაცემა უფასოდ, რაზეც დაუფიქრებლად დამთანხმდა. უცებ შევადგინეთ ტექსტი, დავწერეთ ფურცელზე და გავაკარით", — ამბობს დავითი.

ეს ტექსტი Facebook-ზე ბევრმა ადამიანმა ნახა და ბევრმა გააზიარა. აღმოჩნდა, რომ ავტორს გრამატიკული შეცდომების გამო შენიშვნებიც უთხრეს, რაზეც ცოტა ნაწყენია. ამბობს, რომ განცხადება ემოციურ ფონზე შეადგინეს და ასე აღმოჩნდა ტექსტში "უფასოდ დარიგდება"-ს ნაცვლად "უფასოდ გაიყიდება".

ორი დღის განმავლობაში თონეში პური არ გაცივებულა. მოსახლეობა განსაკუთრებულ მადლიერებას დავითის დედის მიმართ გამოხატავდა.

"მინდოდა გამომეხატა სოლიდარობა. რაც შევძელი, ის გავაკეთე. მათი პასუხებიდანაც იგრძნობოდა, რომ ამ რთულ დროს ეს უბრალოდ უფასოდ წაღებული, საკვებად გამოყენებული პური არ იყო. ეს იყო რაღაც ახალი იმედის მომცემი, რომ ერთად და ერთმანეთის დახმარებით ბევრად მარტივია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ნახვა", — ამბობს დავითი.

მარნეულისა და ბოლნისის რაონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩაკეტილია ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. გაშლილია საველე ჰოსპიტალებიც.