სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. გვირაბში 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, ხორცი სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

"დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები", — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.