პლატფორმა არა-ფობიას! შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.

პლატფორმაში გაერთიანებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან, მიმართავენ მათ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში აქტიური როლი შეასრულონ.

ორგანიზაციების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცხადდა, საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები გავრცელდა.

მათივე განმარტებით, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების, კერძოდ კი - ენობრივი ბარიერი, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და ა.შ., გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას.

"მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

არამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
  • სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის
გამო, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის რაიონი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

ასევე, იზღუდება ყველა ობიექტი, საკვებისა და აფთიაქების გარდა. მთავრობამ დაუშვა გამონაკლისიც და იმ შემთხვევაში, როდესაც პროტოკოლით გაიწერება, მარნეულის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება შეეძლება.