საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუშაობენ, რომ იტალიაში, ესპანეთში თუ სხვა ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შესაძლებლობის ფარგლებში და გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია არაა მარტივი, თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად არის სამუშაო იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო და იმ შეზღუდვების გამო, რაც ქვეყნებს აქვთ მოხდეს რეისების დაორგანიზება. ჩვენ შემდგომ განრიგს უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას", — თქვა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, საელჩოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და თუ გადატვირთული ხაზების გამო მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მოქალაქეებს შეუძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლცენტრში დარეკონ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში დასაბრუნებელი ავიარეისის ბილეთები უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად, რეისამდე რამდენიმე დღის ადრე იქნება ხელმისაწვდომი. უახლოესს რეისებს აირზენა 26 და 31 მარტს ვენიდან და ამსტერდამიდან განახორციელებს. მინისტრის განმარტებით, ფრენებზე ბილეთები სრულად გაიყიდა. ზალკალიანი ამბობს, რომ მგზავრების დიდი ნაწილი თავშესაფრებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყოფილი არიან.