მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მრევლის თანდასწრებით ღვთისმსახურებაზე უარს კვლავ არ ამბობს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ეკლესია აღნიშნავს, რომ ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება.

ამასთან, დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მცირე ზომის ტაძრებში მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, ღია ცის ქვეშ უნდა შესრულდეს.

"გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ეკლესია აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ კეთდება აქცენტი მრევლზე, როცა აფთიაქებში და მაღაზიებში ბევრად მეტი ხალხია.

"ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ეკლესია აღნიშნავს, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!", ასევე, მიუთითებს მედიაზე და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"

"საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".

ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.