დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი ეკლესიაში კვირაში ერთხელ, მსახურებაზე მისულ მოქალაქეებზე, როცა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ტრანსპორტით მეტი ადამიანი სარგებლობს.

"ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა", — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოში, ასევე, ფიქრობენ, რომ ზოგიერთი მედია ხელოვნურად ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ეკლესიაა. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!"

როგორც საპატრიარქო განმარტავს, დისტანციის დაცვის გარდა, შვიდგზის ზეთისცხებასა და წირვა-ლოცვებზე სასულიერო პირებს მრევლის სხვადასხვა დღეებში გადანაწილება შეუძლიათ.

წაიკითხეთ განცხადება სრულად:

კორონავირუსის პანდემიის დროს ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახურებას მრევლი აღარ დაესწრებოდა. ეს ხდება საბერძნეთში, ბულგარეთში, უკრაინაში. რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები 20 მარტს შეიკრიბნენ. სინოდის სხდომის განჩინებით, ზიარების წესი არ იცვლება. გარდა ამისა, ღვთისმსახურებას მრევლი ჩვეულებრივად დაესწრება, ოღონდ საპატრიარქოში ამბობენ, რომ აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა.

სინოდის სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის თანახმადაც ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. როგორც მთავრობის წევრები განმარტავდნენ, აღნიშნული შეზღუდვა ეხობდა ყველას, მათ შორის ეკლესიასაც.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.