მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ამბობს, რომ სინოდის ახალი სხდომა უნდა იქნას მოწვეული, სადაც ეკლესიის მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მან TV პირველს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

"დღეს რასაც აკეთებს ეკლესია, ზედმიწევნით ასრულებს წინა სინოდის სხდომის დადგენილებას. ვერ შეედავები ვერავის. უნდა იყოს მოწვეული სინოდი და უნდა ვიმსჯელოთ ახალ საკითხებზე. მაგალითად, ხვალ დაგეგმილი მაქვს შვიდგზის ზეთისცხება. იქ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დისტანცია ადამიანებს შორის იყოს დაცული, რომ ზეთისცხება მოხდეს ერთჯერადი ჩხირებით, ეს აუცილებელია", — განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

კორონავირუსის პანდემიის დროს ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახურებას მრევლი აღარ დაესწრებოდა. ეს ხდება საბერძნეთში, ბულგარეთში, უკრაინაში. რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები 20 მარტს შეიკრიბნენ. სინოდის სხდომის განჩინებით, ზიარების წესი არ იცვლება. გარდა ამისა, ღვთისმსახურებას მრევლი ჩვეულებრივად დაესწრება, ოღონდ საპატრიარქოში ამბობენ, რომ აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა.

სინოდის სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის თანახმადაც ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. როგორც მთავრობის წევრები განმარტავდნენ, აღნიშნული შეზღუდვა ეხობდა ყველას, მათ შორის ეკლესიასაც.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.