უმრავლესობის ყოფილი წევრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა დაურიგდეს, სასულიერო პირები არიან.

მისი თქმით, ყველა ინსტიტუციამ, ეკლესიის ჩათვლით, კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვას ხელი უნდა შეუწყოს.

"მთავრობას მე ვურჩევდი, რომ ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი, რომელსაც შეუძლიათ დაურიგონ სწრაფი ტესტები და ყოველდღიურად თუ არა, ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ჩაუტარონ ტესტირება, ეს იყვნენ სასულიერო პირები. განსაკუთრებით იმ ეკლესიების მოძღვრები შეიძლება იყოს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა. სწრაფი ტესტების მეშვეობით მუდმივი სკრინინგი ჩაიტარონ, რომ არ გახდნენ ინფექციის გავრცელების წყარო", — განაცხადა ზოიძემ მთავარი არხის ეთერში.

ზოიძე, ასევე, გამოეხმაურა საერთო კოვზით ზიარების თემას და თქვა, რომ არსად ბიბლიაში, სახარებაში, არ შეხვედრია, რომ კოვზი აუცილებელი ატრიბუტი იყოს.

20 მარტს,სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა.

"მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს", — განაცხადა მან.

მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მრევლსაც ამისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამავე დროს, აცხადებს, რომ აღდგომაზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა:

"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".