ორი დღეა, რაც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი უსახური კორპუსის კედელი კინოეკრანად იქცა. ამ ქუჩაზე მაცხოვრებელმა თინათიმ ბრეგვაძემ და გივიკო აზაურაშვილმა თვითიზოლირებულ სამეზობლოს კინოჩვენება მოუწყვეს. ამის შესახებ საზოგადოებამ At.ge-ის ვიდეოდან შეიტყო.

"ჩემი სახლის წინ ამოაშენეს დიდი კორპუსი, ჩემი ფანჯრები და აივანი რასაც უყურებს, არის ყრუ კედელი, რომელიც საშინლად მიშლის ნერვებს. ხვალ შესრულდება ორი კვირა, რაც ფაქტობრივად სახლიდან არ გავსულვარ, ამ კედელს კიდევ უფრო დიდხანს ვუყურებ, ვიდრე მანამდე. მე თვითონაც საქმე ისეთი მაქვს, რომ სულ რაღაც პროექტებზე ვფიქრობ და გამახსენდა, რომ მამაჩემმა ჩემთან შესანახად მოიტანა პროექტორი. გუშინ ღამის 11 საათი იყო, რომ გადმოვიღე. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ არ მისწვდებოდა იმ კედლამდე და მეხუმრებოდა, დღეს დამარცხდებიო, მერე, რომ მიხვდა, რომ სწვდებოდა, იდეა მოეწონა", - აცხადებს On.ge-ისთან საუბარში თიკო ბრეგვაძე.

კინოჩვენებისთვის შერჩეული პირველი ფილმი ცისფერი მთები იყო: "ისეთი ფილმია, თავისი მუსიკით, შინაარსით, ცოტა სიურრეალისტური, რომ ამ მდგომარეობაში ყველასთვის გასაგები იქნებოდა. რამე მძაფრსიუჟეტიანი რომ ჩაგვერთო, შეიძლება ყველას არ მოსწონებოდა. მერე ჩარლი ჩაპლინი ჩავრთეთ, რომ მეზობლები ხმით არ შეგვეწუხებინა. პროექტორს როცა ვასწორებდით, ქვემოდან გვეძახდა ვიღაც, რომ ცოტა მარცხნივ გაწიეთო. ფილმებსაც გვთავაზობდნენ".

დღევანდელი დღე იტალიას მიეძღვნა. ჯერ იტალიის დროშა მიანათეს კედელს, შემდეგ - ჰიმნი გაუშვეს, ბოლოს კი ყველაფერი იტალიური მუსიკით დასრულდა.

ხვალინდელი დღე კი ესპანეთის მხარდაჭერას ისახავს მიზნად

"მე ვფიქრობ, რომ ახლა ვისაც ერთმანეთთან რაღაც კავშირი გვაქვს და ხმა მიგვიწვდება, ცოტა დადებითი მუხტი და ენერგია უნდა გადავცეთ ერთმანეთს", - აცხადებს თინათინ ბრეგვაძე.