კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ამერიკა ისევ და ძალიან მალე გაიხსნება ბიზნესისთვის". პრეზიდენტის თქმით, იგი აშშ-ს ეკონომიკას უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოიყვანს კორონავირუსის კრიზისისგან.

"ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს... იმაზე მალე გაიხსნება, ვიდრე სამ-ოთხ თვეში, როგორც ამას გვთავაზობდნენ", — განაცხადა ტრამპმა მედიასთან შეხვედრისას, სადაც მასთან ერთად იყვნენ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს წევრებიც.

კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიუხედავად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის აპირებს სოციალური დისტანცირების შეზღუდვები შეამსუბუქოს მომდევო ორშაბათიდან. დაწესებულის ინსტრუქციებით, აშშ-ში აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე, მოუწოდებენ მაცხოვრებლებს, თავი შეიკავონ ბარებში და რესტორნებში სიარულისგან. ისეთ შტატებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რიცხი ძალიან მაღალია, სახლში დარჩენა სავალდებულოა და არააუცილებელი ბიზნესი დახურული. ბოლო მონაცემებით, შტატებში სულ 46 485 ინფიცირების შემთხვევაა, აქედან 591 გარდაიცვალა.