ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო, კარანტინი გაუქმდება.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, თითქმის ორი თვის შემდეგ, 8 აპრილიდან უხანი გარე სამყაროსგან იზოლირებული აღარ იქნება. უხანის გარდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყო, საკარანტინო რეჟიმი გაუქმდება ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.

უსაფრთხოების ზომების შერბილება ჰუბეიში კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობმა კლებამ გამოიწვია. 19 მარტის შემდეგ პროვინციაში ყოველდღიურად ხუთამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაშინ როცა ვირუსის გავრცელების პიკში, თებერვალში ყოველდღიურად ათასობით ახალი შემთხვევა დასტურდებოდა.

ჩინეთში კორონავირუსით თითქმის 82 დაინფიცირებულიდან 68 ათასი სწორედ ჰუბეიზე მოდის. 23 იანვარს 11-მილიონიანი ქალაქი უხანი იზოლაციაში მოექცა, გაუქმდა ყველა ფრენა, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. მომდევნო დღეებში იგივე ზომები მიიღეს პროვინციის სხვა ქალაქებშიც. მკაცრი ზომები 60 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.