თანამშრომლების პროტესტის შემდეგ გამომცემლობა Hachette-მ ცნობილი რეჟისორის, ვუდი ალენის მემუარების გამოქვეყნებაზე უარი თქვა, თუმცა 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ ალენის წიგნი სხვა გამომცემლობამ გამოსცა.

ცნობილი ამერიკული გამომცემლობა Arcade-ს განცხადებაში ვკითხულობთ:

"ეს წიგნი საკუთარი ცხოვრების გულწრფელი და ყოვლისმომცველი ანგარიშია, სადაც ვუდი ალენი ბრუკლინში გატარებული ბავშვობიდან მოყოლებული კინოში, თეატრში, ტელევიზიასა და ლიტერატურაში მიღწეულ წარმატებაზე მოგვითხრობს და ამავდროულად თავის ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობასაც იხსენებს".

მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეჟისორი თავის მემუარებში კიდევ ერთხელ უარყოფს თავისი შვილის, დილან ფეროუს ბრალდებებს და ამბობს, რომ ეს მისი ყოფილი ცოლის, მია ფეროუს შურისძიებაა მის წინააღმდეგ:

"მე დილანისთვის ერთხელაც კი არ დამიკარებია თითი და არასდროს გამიკეთებია ისეთი რამ, რაც თუნდაც შეცდომით ძალადობად შეიძლება აღექვა. ეს ბრალდება სრული ფალსიფიკაციაა თავიდან ბოლომდე".

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ვუდი ალენი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემდა, რის გამოც გამომცემლობა ჯერ რეჟისორის შვილმა, რონან ფეროუმ გააკრიტიკა, მალევე კი გამომცემლობა პროტესტის ნიშნად თანამშრომლებმა დატოვეს, რის გამოც Hachette-მ წიგნის გამოცემა გადაიფიქრა.

რეჟისორის მემუარების, Apropos of Nothing-ის ახალი გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ჯანეტ სივერი ამ ფაქტს ასე ეხმაურება:

"იმ უცნაურ ეპოქაში, როცა სიმართლეს მეტისმეტად ხშირად "ყალბ ამბად" ნათლავენ, ჩვენ, როგორც გამომცემლებმა, ვამჯობინეთ, რომ ამ პატივსაცემი ხელოვანისთვის საკუთარი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მიგვეცა, ვიდრე გაგვეჩუმებინა".